საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელი პოლიციელები მისი პასპორტის მოპარვაში დაადანაშაულა. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება. ამის შესახებ მან დღეს ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინული პასპორტით საზღვრის პოლონური მხარე უპრობლემოდ გადალახა. მისივე თქმით, უკრაინელმა მესაზღვეებმა კი მას პასპორტი მოჰპარეს. „როდესაც მხარდამჭერებმა ხელში ამიყვანეს, რომ უკრაინაში შევეყვანე, მე პასპორტი ავტობუსში დავტოვე. პოლიცია მოვიდა, ავტობუსი გაჩხრიკა და ჩემი პასპორტი მოიპარა“, - აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ დღეს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დამატებითი დაცვა გამოიყოს.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ უკრაინის პოლიცია იუწყება. პოლიციის ცნობით, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. ამ დანაშაულისთვის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.
imedinews.ge