საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის შეხვედრის მთავარი თემები.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა, გეგმის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, ამჟამად კი მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ხორციელდება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფა.
შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაესწრნენ.