2017 წლის 10 სექტემბერი
ქართული საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმის" შეკითხვა თბილისის მერს დავით ნარმანიას
„ბატონო დავით!
მერიის რომელმა სამსახურმა და კონკრეტულად რომელმა თანამშრომელმა რომელ კონკრეტულ ორგანიზაციას მისცა უკანონო ორწლიანი ნებართვა მთაწმინდაზე "მზესუმზირის ფესტივალის" ჩატარებაზე ღამის საათებში გამონაკლისის სახით, რადგანაც აღნიშნულ ღონისძიებაზე ხმაური, ახლად მიღებული კანონით, ყველა დაშვებულ ზღვარს სცილდება? გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ნებართვის და განცხადების ქსეროასლები, რადგანაც ამ ფაქტზე დაწყებული გვაქვს ჟურნალისტური გამოძიება - ხომ არ იკვეთება აქ კორუფციის ნიშნები, თუ საქმე მარტო სამსახურებრივ დანაშაულთან გვაქვს?
მერიის "ცხელი ხაზი" გვიმალავს ამ საჯარო ინფორმაციას იმ მიზეზით, რომ "არ აქვს წვდომა..." და საერთოდ უარყოფს მერიის მიერ ნებართვის გაცემის ფაქტს, რაც ჩვენთვის "112" სამსახურიდან ოფიციალურად გახდა ცნობილი, მაგრამ საპატრულო პოლიცია უძლურია თბილისის მერიის ნებართვის წინაშე, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის მიერ მიღებულ შესაბამის კანონზეც (ძალაშია ა.წ. 15 აგვისტოდან) მაღლა დგას.
P.S. თუ ადრე "მზესუმზირის ფესტივალი" კვირაში ერთხელ, შაბათ-კვირის ღამეს ტარდებოდა 00/00 საათიდან 06/00 საათამდე, ბოლო კვირას, სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ექსტრადიციის მოლოდინში, ის თითქმის ყოველდღე ტარდება ღამის 23/00 საათიდან დილის 08/00 საათამდე.“
"საქინფორმის" რედაქცია
2017 წლის 11 სექტემბერი
ქართულ საინფორმაციო სააგენტო «საქინფორმს"
„მოგესალმებით,
მთაწმინდაზე "მზესუმზირის ფესტივალი" ტარდებოდა კერძო ტერიტორიაზე, შესაბამისად, ნებართვა მერიას არ გაუცია.
ცალკეულ ღონისძიებებზე ორგანიზატორებს შემოჰქონდათ განცხადება ცნობა-შეტყობინების სახით. მერია კი თავის მხრივ აღნიშნულ ინფორმაციას გადასცემდა საპატრულო პოლიციას და ქალაქის ტრანსპორტის სამსახურს.
ამ ეტაპზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხმაურზე დაწესებული რეგულაციების გამო ფესტივალი ადგილს იცვლის და წინა კვირაში ჰქონდათ ბოლო ღონისძიება მთაწმინდაზე.“
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური
საქინფორმი: როგორც ხედავთ, პატივცემულო მკითხველებო, მერია არაფრის დიდებით არ ასახელებს განმცხადებლის ვინაობას და კერძო ტერიტორიის მფლობელს. თუ ის მოკული მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია - მოტივიც გასაგებია, ალბათ, „პატივისცემაც“ შესაბამისი იქნებოდა...
საეჭვოდ მოგვეჩვენა ის გარემოებაც, რომ მერია ღონისძიებების ჩატარებაზე ნებართვებს არ იძლევა და, თურმე, მარტო ფოსტალიონის როლს ასრულებს - აცნობებს პოლიციას და ქალაქის ტრანსპორტის სამსახურს, როგორც მიტინგების ჩატარების შემთხვევაში. მაშინ, გამოდის, რომ იტყუებიან „122“-ში, როცა აცხადებენ, რომ უძლური არიან მერიის ნებართვის წინაშე!
ნახევარი თბილისი დღეს - კერძო ტერიტორიაა, და გამოდის, რომ ამ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება - რამდენიც გინდა, იხმაურე და სალუტები გაუშვი! მაგრამ მფლობელიც მდიდარი და გავლენიანი უნდა იყოს, თორემ საკუთარ ეზოში უბრალო მოკვდავმა მოქალაქემ მსგავსი რამ რომ გაბედოს, ეგრევე ჯარიმას გამოუწერენ!
თუ სხვაგან გადადის ეს ფესტივალი - ძალიან კარგი, მაგრამ რატომ არ დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ მისი ორგანიზატორები უკვე ჩადენილ დარღვევაზე? საკითხავი აი, ეს არის!
„საქინფორმის“ რედაქცია
2017 წლის 13 სექტემბერი
საქართველო, თბილისი