საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 7 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო „პატიმრობაში“ მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების, საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობის და დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის თამარ მეარაყიშვილის შევიწროების საკითხებს.
შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს თუ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალების შეზღუდვას.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.