საზოგადოება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე წარუდგინა

    საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. „ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოლებს ყოველდღიურად, რომ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაწუხებს“, - ასე შეაფასა თანაგუნდელი კალაძემ.
„ჩუღურეთის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე აღმაშენებლის მაგალითზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. იქნება განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და გამარჯვება. ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, რადგან როგორც გითხარით, მხოლოდ თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებითაა შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარება.
ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქში 12 ახალი ბაღი გაიხსნა. მიმდინარეობს ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ჩვენს შვილებს ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ.

სპორტი და სპორტული ცხოვრება - ეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ჯანსაღი ცხოვრება ყველა თაობისთვის; განვითარება ყველა უბანში და არა მხოლოდ ცენტრალური უბნებისთვის; ძველი თბილისის - არა მხოლოდ კონკრეტული ქუჩების, არამედ მასშტაბური უბნების რეაბილიტაცია. მერიის პროგრამები გაგრძელდება მანამ, სანამ თბილისის თითოეული მცხოვრები შეძლებული და წელგამართული არ იქნება“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.