უცხოეთი
უმცროსმა დონალდ ტრამპმა რუს იურისტთან შეხვედრის მიზეზებზე ილაპარაკა

     საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. უმცროსმა დონალდ ტრამპმა კონგრესში გამართულ დახურულ მოსმენაზე განაცხადა, რომ გასულ წელს რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით შეხვდა. ამის შესახებ Usa Today წერს. 
პრეზიდენტის შვილის განმარტებით, მას აინტერესებდა კლინტონის ფიზიკური მდგომარეობა და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში თუ შეძლებდა მოვალეობის შესრულებას. 
ამასთან, უმცროსი დონალდ ტრამპის თქმით, ეს შეხვედრა უშედეგო გამოდგა. კონგრესში გამართულ მოსმენაზე მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ხელისუფლება არ ჩარეულა. 
10 ივლისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის შვილი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მზად იყო შეხვედროდა რუს იურისტს, რომელიც დემოკრატ კანდიდატზე, ჰილარი კლინტონზე კომპრომატების გადაცემას დაჰპირდა.
აშშ-ის კონგრესი და გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიებას აწარმოებენ. პრეზიდენტად არჩევის დღიდან დონალდ ტრამპი უარყოფს ბრალდებებს, რომ მას რუსეთთან ჰქონდა კავშირები.