აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი და „Agile Spirit 2017” სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო

     საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. სამეთაურო-საშტაბო სწავლება . ახალციხეში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს და მასში 7 ქვეყნის 185 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლების საკითხები სიღრმითი ოპერაციების ჩატარებას, ქვედანაყოფების განთავსებას და გაძლიერებას, პირდაპირ შეღწევას და ჩანაცვლებას, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე თავდაცვით, შეტევით და სტაბილურობის ოპერაციებს მოიცავს.
„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შემდგომში საშუალება ექნებათ, NATO- რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში სხვადასხვა სახის ოპერაციები ერთად დაგეგმონ და აღასრულონ. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ გამოცდილებას სტაბილურობის, შეტევით/თავდაცვითი ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, გაეცნობიან სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სტრუქტურას, შეიარაღებას, პროცედურებს, ტაქტიკასა და საბრძოლო უნარჩვევებს.