პოლიტიკა
მედიას ერგნეთის შეხვედრის გაშუქებაზე გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა

    საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირი მედიას ერგნეთის შეხვედრის გაშუქების დროს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. კერძოდ, შეხვედრის მიმდინარეობისას კარავში კადრების გადაღება მხოლოდ ნახევარი წუთის განმავლობაში ერთი პოზიციიდან არის შესაძლებელი. ამ რაკურსით დე-ფაქტო ცხინვალის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა გადაღება შეუძლებელია. მონიტორინგის მისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს არ განუმარტავს, თუ რატომ გახდა საჭირო ამ შეზღუდვის შემოღება, - იუწყება IMEDI.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ორთვიანი პაუზის შემდეგ გუშინ განახლდა.
სხდომის დღის წესრიგში 10-მდე განსახილველი საკითხია შეტანილი. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს გიორგი გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლებას, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ასევე, განიხილავენ ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეს, რომლის ცხედარი 2015 წლის დასაწყისში ოკუპირებული ახალგორის მიმდებარე ტყეში იპოვეს.
შეხვედრაზე ქართული მხარე ახალგორის სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვასაც გააპროტესტებს. ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის შევიწროების საკითხი.