უცხოეთი
ტილერსონს სავარაუდოდ, ჰეილი შეცვლის

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი.  გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი  ნიკი ჰეილი შესაძლოა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გახდეს. ამ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით,  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქტიურად საუბრობენ რექს ტილერსონის შემცვლელის კანდიდატურაზე. გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირაა სახელმწიფო მდივანი საჯაროდ აღარ ჩნდება და ამერიკისთვის სტრატეგიულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს. მაგალითად, ბოლო ასეთი შემთხვევა ჩრდილოეთ კორეას ეხებოდა. ამ ფონზე კი სახელმწიფო დეპარტამენტში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი , რომ რექს ტილერსონი გადადგომას აპირებს. სახელმწიფო დეპარტამენტში კი ირწმუნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ რექს ტილერსონი საჯაროდ არ ჩნდება, სახელმწიფო მდივანი აქტიურად მუშაობს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის საკითხზეც. რექს ტილერსონის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კი სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ. რამდენიმე კვირის წინ გამოცემა Washington Post-მა რექს ტილერსონისა და ამერიკის პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ სტატია გამოქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის უკმაყოფილება მოქმედი სახელმწიფო მდივნით ყოველდღიურად იზრდება.