უცხოეთი
უკრაინა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივის გამო გერმანიას აკრიტიკებს

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ზიგმარ გაბრიელი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივის გამო გააკრიტიკა. 
„ასეთი წინადადებები ძალიან მავნეა. გაბრიელის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მოქმედებების გამართლება.“- განაცხადა კლიმკინმა. მან მსოფლიო საზოგადოებრიობისგან ერთიანი, მყარი პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას. 
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ელისეევმა რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე გერმანიის პოზიცია ადოლფ ჰიტლერის და გერმანიის დამპყრობლური გეგმების მიმართ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკას შეადარა. 
5 სექტემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ გაერო-ს მშვიდობისმყოფელების დონბასში განლაგება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის გზაზე პირველი ნაბიჯი შეიძლება გახდეს. მისი თქმით, თუ ცისფერჩაფხუტიანების საკითხი დადებითად გადაწყდება, მაშინ რუსეთთან ურთიერთობებში „განმუხტვის პოლიტიკის ახალი ეტაპი“ დაიწყება. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების გაგზავნის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთში, "ბრიქსის" სამიტის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის გამართული პრესკონფერენციისას გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის თანახმაა, რომ დონბასში გაერო-ს მშვიდობისმყოფელები გაემგზავრონ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დონბასში მხარეები შეიარაღების გაყვანას დათანხმდებიან.