საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ილაპარაკა.
„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ლარის კურსის მკვეთრი დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს. მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედებს თავისუფალი გაცვლითი კურსი და ამიტომ მოძრაობა ამ მიმართულებით შეიძლება იყოს ორმხრივი, როგორც ლარის გამყარების, ასევე დევალვაციის კუთხით.
მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ხედავდა, რომ ლარი გამყარდა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არ დაუშვა ლარის მკვეთრი გამყარება და შეიძინა თითქმის 110 მლნ დოლარი. ამით შეივსო ეროვნული ბანკის რეზერვები, რითაც მოხდა ფინანსური სტაბილურობის და ასევე მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში.
აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში რა მოვლენასაც აქვს ადგილი, შეიძლება აიხსნას მხოლოდ და მხოლოდ მოლოდინით, ფსიქოლოგიური ფაქტორით“, - განაცხადა კოვზანაძემ.