საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ქართული ოცნების“ შემომწირველთა რაოდენობის ზრდას ლოგიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა თითოეული შემოწირულობა კანონის სრული დაცვით მიიღო. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციური პარტიების დაფინანსების წყაროებითაც ინტერესდება და განმარტავს, რომ ოპოზიციურ პარტიებში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსაც“ გულისხმობს.
"2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მხარი 856 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პარტიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. შესაბამისად, შემოწირულობების ეს რაოდენობა ლოგიკურია. ჩვენ მეტის მობილიზება გვჭირდება, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია განვახორციელოთ და ამომრჩეველთან ის გეგმები და პროგრამა მივიტანოთ, რაც გვაქვს...
2017 წლის გასულ პერიოდში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ბევრად უფრო მეტი შემოწირულობა ჰქონდა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, კითხვა მაქვს, ვინმეს სჯერა, რომ ჩვენი ოპონენტი ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას 5-6 ათას ლარად ატარებენ?“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 4 555 993 ლარი მიიღო.