საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისის მერიაში ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა განხორციელდება

    საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პროგრამული ხედვის წარდგენისას ქალაქის მართვის პოლიტიკაზე ილაპარაკა. კალაძის თქმით, აუცილებლად განხორციელდება მერიის არსებული სტრუქტურის ანალიზი, რომლის საფუძველზეც მერიის მართვის, კოორდინაციის, ანგარიშვალდებულებისა და კომუნიკაციის ახალი სისტემა განისაზღვრება. მისივე განცხადებით, შეისწავლიან მოქალაქეთა მომსახურების ხარისხს, გამოვლინდება არსებული ნაკლოვანებები და დაისახება მათი აღმოფხვრის გეგმა.

მერობის კანდიდატმა თბილისის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაზეც ილაპარაკა, რაც, მისივე თქმით, მთავრობასთან კოორდინაციითა და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოხდეს. მართვის პოლიტიკის განსაზღვრისას მერობის კანდიდატი ხაზს უსვამს პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისი პარტია „ქართულ ოცნებას“ ან კონკრეტულად რომელიმე სუბიექტს არ ეკუთვნის - ის ქალაქში მცხოვრები თითოეული მოქალაქისაა. შესაბამისად, ქალაქის განვითარებასა და მართვაში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.