პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებულ ბირთვულ ცდასთან დაკავშირებით

   საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 2017 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ბირთვული ცდის გამო, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

უცხადებს რა სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობას, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ფხენიანის პროვოკაციულ ქმედებებს, საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევას. საქართველოსთვის, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის და ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმებათა მონაწილისათვის, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.