პოლიტიკა
მარგველაშვილი მის წინამორბედ სააკაშვილს ჰბაძავს - მთაზე ადის!

   საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან ლევ სარქისოვთან ერთად ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა.

 უსახელო მწვერვალს საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება. მისი სიმაღლე 3170 მეტრია. მთაში გასვლა საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, ბორჯომის ხანძრის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო ღონისძიებებთან ერთად აღნიშნული აქტივობაც გადაიდო.

 „ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ მწვერვალის სახელდება ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც უნდა იყოს ყველას იარაღი, ყველას მიერ გამოყენებული წიგნი. ამიტომ შეირჩა არა განსაკუთრებულად რთული მწვერვალი,  არამედ მარტივი,  რომელსაც აქვს თავისი საოცარი სილამაზე, იქით ჩანს მყინვარწვერი, იშლება არაჩვეულებრივი პანორამა. სახელს დავარქმევთ „საქართველოს კონსტიტუციას“ და  იმედი მაქვს, რომ ბევრი ალპინისტი, ტურისტი თუ სპორტული ადამიანი, რომელსაც სამთო გამყოლი ეყოლება, აქ ამოვა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციაში ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და საერთაშორისო მდივანთან თენგიზ ფხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.