აქტუალური
დეკანოზ მამალაძეს გერმანიაში ჩასვლა პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა სთხოვა (ვიდეო)

  საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. 4 სექტემბერს, თავდაპირველად - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალიუმის ციანიდით მკვლელობის, შემდეგ კი ამავე მეთოდით პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის განაჩენის გამოცხადების წინა საღამოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერების დღემდე უცნობი ფრაგმენტები გამოაქვეყნა (ვიდეო იხ. აქ).

ორივე ჩანაწერი სკანდალის მიზეზი გახდა, რადგან ერთ-ერთი მათგანი ადასტურებს, რომ დეკანოზ მამალაძეს გერმანიაში ჩასვლა პატრიარქის ღვიძლმა ძმისშვილმა - ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა სთხოვა.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა პუბლიკაციათა სერიაში „ციანიდი პატრიარქისთვის“, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააპატიმრეს, როცა ის გერმანიაში მიფრინავდა, ვითომდა - კალიუმის ციანიდით პატრიარქის მოსაწამლავად, რომელსაც მაშინ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაციას უკეთებდნენ. დაპატიმრებული დეკანოზისგან კალიუმის ციანიდი ამოიღეს. გუშინ, 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ილია მეორის მდივან-რეფერენტის, პატრიარქთან ერთად გერმანიაში მყოფი  შორენა თეთრუაშვილის კალიუმის ციანიდით მოწამვლის - მკვლელობის მცდელობისთვის.

და კიდევ, „კურიერმა“ საქმის მასალებიდან ამ დრომდე უცნობი აუდიოჩანაწერიც მოიპოვა, სადაც დეკანოზი მამალაძე დაკავებამდე 2 დღით ადრე საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანს ტარას შავშიშვილს ურეკავს. დეკანოზი მას ილიას უნივერსიტეტის პროფესორის არჩილ გამზარდიას Facebook სტატუსით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, სადაც გამზარდია წერს, რომ შესაძლოა, გერმანიაში გამგზავრების შემდეგ პატრიარქი მოკლან.