საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ტარდება. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.
„Agile Spirit 2017“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მასში 1515 სამხედრო იღებს მონაწილეობას. სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები ოფიციალურად 11 სექტემბერს დასრულდება.