აქტუალური
საქართველომ 3 თვის განმავლობაში რუსეთიდან მეტი ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე სომხეთმა - ნახევარ წელიწადში

     საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. „საქართველომ 2017 წლის პირველ კვარტალში 403 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციები მოიზიდა“, - ასეთ მონაცემებს გვთავაზობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
მოზიდული თანხიდან 179 მილიონი დოლარი ანუ 44% აზერბაიჯანიდან (97 მილიონი დოლარი) და თურქეთიდან (82 მილიონი დოლარი) ინვესტიციებია, რაც, გასაგები მიზეზების გამო, სომხეთისთვის მიუწვდომელია. მაგრამ აზერბაიჯანული და თურქული ინვესტიციების გათვალისწინების გარეშეც, საქართველოს მიერ 3 თვის განმავლობაში მოზიდული ინვესტიციები სომხეთის მიერ ნახევარ წელიწადში მოზიდულს დაახლოებით 6-ჯერ აღემატება.
2017 წლის პირველ 6 თვეში სომხეთში 17.2 მილიარდი დრამის (36 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) ინვესტიცია განხორციელდა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში სომხეთში უცხოურმა ინვესტიციებმა 18.5 მილიარდი დრამი (დაახლოებით 39 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთიდან 4.8 მილიონი დოლარის ინვესტიციები მოიზიდა. და ეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას მეგობრულს ვერანაირად უწოდებ.
ამავე დროს, სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან ინვესტიციებმა უარყოფითი რიცხვი -12.3 მილიარდი დრამი (მინუს 25 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა: „ამგვარად, საქართველომ 3 თვის განმავლობაში რფ-დან მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა, ვიდრე რუსეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა სომხეთმა - ნახევარ წელიწადში“, - იუწყება PanARMENIAN.Net.