სამართალი
დააკავეს ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირები

arrestსაქართველოს პროკურატურამ ტყიბულის მაღაროში 22 იანვარს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირები დააკავა. ამის შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა ქაჩიბაიამ გამართა.

მისი თქმით, დაკავებულები არიან მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ედემ სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანი. ეს ადამიანები აფეთქების დროს მაღაროში მყოფი პირების უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ.

ქაჩიბაიას განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილებმა დადგენილი უსაფრთხოების წესების იგნორირებით გასცეს ბრძანება, ეწარმოებინათ ასაფეთქებელი სამუშაოები, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მაღაროელი, ხოლო ოთხმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

"მაღაროში აფეთქებამდე მეთანის გაზის ჭარბი რაოდენობა დაგროვდა. საჭირო იყო იქიდან ადამიანების გამოყვანა, რათა მეთანის გაზი გაწოვილიყო და იმ მონაკვეთში მუშაობა უსაფრთხო გამხადრიყო. თუმცა დაკავებულმა პირებმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს", - აღნიშნა ქაჩიბაიამ.

მისივე თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟდა უსაფრთხოების წესების დარღვევით.

ედემ სტურუა და გიორგი დევდარიანი ეჭვმიტანილები არიან სამთო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში.

დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის II ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.