უცხოეთი
"მიშკა მაიდან" - დიდი მზადება სააკაშვილის დასახვედრად

     საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ოდესის ყოფილი გუბერნატორის დასახვედრად მისი პარტია "რუხი ახალი ძალის" წევრები და მომხრეები აქტიურად ემზადებიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლონეთ- უკრაინის საზღვარზე სააკაშვილის მომხრეები 10 სექტემბრისთვის ავტო -კოლონებით ჩასვლას გეგმავენ. როგორც მედია წერს, სააკაშვილის მხარდამჭერები საზღვართან კარვებით და კარვების ქალაქისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკით იქნებიან აღჭურვილები. სააკაშვილის თანაგუნდელი, უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ლვოვის ოლქში ჩასვლას 3 სექტემბერს გეგმავს, მასთან ერთად სააკაშვილის დახვედრის მოსამზადებელ საორგანიზაციო სამუშაოებს რადას წევრი, უფრაქციო იური დერევიანკო ხელმძღვანელობს. სააკაშვილის თანაპარტიელების გარდა, მის დასახვედრად კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ჩასვლას გეგმავს "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო, რადას ფრაქცია "სამოპომოშის" თავმჯდომარის მოადგილე ეგორ სობოლევი, რადას უფრაქციო დეპუტატი ვიქტორ ჩუმაკი, უშიშროების საბჭოს ექსთავმჯდომარე ვალენტინ მალაიჩენკო, პარტია "სამოქალაქო პოზიციის" ლიდერი ანატოლი გრიცენკო, ბლოკ პეტრო პოროშენკოს წევრები რადადან მუსტაფა ნაიემი და სვეტლანა ზალისჩუკი, ასევე ყოფილი დეპუტატი ეგორ ფირსოვი. ჯერ ჯერობით უცნობია რა ფორმით აპირებს სააკაშვილი საზღვრის გადალახვას. დეპუტატ ჩუმაკის განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება.
უკრაინული მედია კი იხსენებს, რომ 2013 წელს, როდესაც იანუკოვიჩს სააკაშვილისთვის აკრძალული ჰქონდა უკრაინაში შესვლა, ევრომაიდანზე მოსახვედრად სააკაშვილი კიევში ევროპელ დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. მედია ეჭვობს, რომ ყოფილი გუბერნატორის ევროპული ვოიაჟები და ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრები, შესაძლოა ამ სცენარის განმეორებას გულისხმობდეს. როგორც უკრაინული მედია წერს, სააკაშვილის მომხრეები არასერიოზულად აღიქვამენ შს მინისტრის ყოფილი მრჩეველის, და სოციალისტური პარტიის თავმჯოდმარის ილია კივას განცხადებას, რომ ის პირადად ესვრის ყველას, ვინც სააკაშვილის დასახვედრად ჩავა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს პოლონეთიდან, კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან გეგმავს.