საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინამ რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა გააძევა და ქვეყანაში შესვლა 3 წლით აუკრძალა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. "ანა კურბატოვამ, რომლის მიმართაც უკრაინიდან იძულებითი გაძევების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უკრაინა-რუსეთის საზღვარი უკვე გადაკვეთა. მას ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი კურბატოვას საქმიანობა გახდა, როემლიც უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ზიანს აყენებდა". - წერს ელენა გიტლიანსკაია.
გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს. ინფორმაცია სააგენტო РИА-მ გაავრცელა. მანამდე ჟურნალისტის გატაცების შესახებ ცნობა, ტელეკომპანია Россия 24-ის მორბენალ სტრიქონში გაჩნდა.სააგენტო ТАСС-ი კი წერდა, რომ ჟურნალისტი სავარაუდოდ უკრაინული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.