საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. "ოფიციალური ვიზიტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან. განვიხილეთ ძალიან ბევრი მიმართულება. ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების გაცილებით უფრო მეტი პოტენციალი არსებობს. მთავრობათაშორისი კომისიაც დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ პოტენციალის ათვისების საკითხებს განიხილავს. განვიხილეთ როგორც რეგიონული სატრანსპორტო პროექტები, მათ შორის - ინიციატივა თურქმენეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუმინეთის მონაწილეობით სატრანსპორტო კორიდორის შექმნის შესახებ, ასევე თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა "აბრეშუმის გზის" პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, თურქმენეთის მხარეს საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. "რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, რაზეც, ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს. შევეხეთ ყველა საკითხს, მაგრამ დღეს კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ რეგიონის ქვეყნებთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ უფრო მეტად გამოვიყენოთ ორ ზღვას შორის ურთიერთობის სატრანზიტო პოტენციალი და ვფიქრობთ, ეს აბსოლუტურად რეალისტურია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.