საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაბა აბასთუმანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის კერების დროული და ეფექტიანი ლოკალიზებისთვის, შტაბის სხდომაზე ტყის მასივში გზის გაჭრის სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
ცეცხლის ქრობის პროცესში შსს-ს 500-მდე თანამშრომელი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობს. ისინი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ.