საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისადმი მიმართვის საკითხზე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდეს.
“როგორც მოგეხსენებათ, ბორჯომის ხეობაში კონკრეტული ვითარების დროს საქართველოს მხარემ დახმარებისთვის ყველას მიმართა, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ფორმატები. ეს არის ევროკავშირი, ნატო და გაერო.
ასევე საქართველოს მხარემ მიმართა მეზობელ სახელმწიფოებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატში ამასთან დაკავშირებით საუბარი შედგა. იცით, რომ ზურაბ აბაშიძემ ამაზე გააკეთა დეტალური განმარტება. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან დახმარების საჭიროება, როგორც იცით, დღის წესრიგში აღარ დადგა, რადგან ხელისუფლების ძალიან კოორდინირებული, ოპერატიული, ეფექტური მუშაობის შედეგად კატასტროფა თავიდან ავიცილეთ”, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.