საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე ხელმძღვანელობდნენ.
ცეცხლის ქრობის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100–ზე მეტი თანამშრომელი ახორციელებდა. რთული რელიეფის გამო ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი ჩაერთო.
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს. ამჟამა ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.