საზოგადოება
"ნაცმოძრაობამ" თავისი ყოფილი მინისტრები დაიბაროს პარტიის ოფისში და პასუხი მოჰკითხოს, რომლებმაც 2008 წლის ავბედითი ომის დროს ტერიტორიები დაკარგეს! - თეა წულუკიანი

    საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს:
"ხანძრის თემას რაც შეეხება, ხანძრის წინააღმდეგ მებრძოლი კრიზისების მართვის საბჭოს წევრი არ გახლდით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მეტნაკლებად ნეიტრალური, დისტანციური ხედვა მაქვს. ამ ხედვის პირობებში ვთვლი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა, სამინისტროებმა, უწყებებმა, მაშველებმა და მოქალაქეებმა, ვინც ხანძარს ებრძოდა, მოახერხეს, რომ ადამიანური დანაკლისი არ არის.
იქ სოფლებს საფრთხე რაც ემუქრებოდა, თავიდან აცილებული იქნა. ეს სწორედ მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და თითოეული მაშველის დამსახურებაა. თუ ეს ოპოზიციას არ მოსწონს, მათი პრობლემაა. მეც არ მომწონს, ისევე, როგორც ჩვენს საზოგადოებას, რომ სწორედ მათ ოკუპანტს ხელი შეუწყვეს იმაში, რომ მახეში გაბმულიყვნენ და ტერიტორიები დაეკარგათ".