პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობი ტექნიკით დახმარებაზე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება გაიმართა

    საქართველო 30 აგვისტო, საქინფორმი. "მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა დახმარების მზაობა ისეთი ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას", - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასძენენ, რომ მოგვიანებით რუსეთის დახმარება საჭირო აღარ გახდა.
კარასინთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა ზურაბ აბაშიძემაც, თუმცა 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამბობდა, რომ რუსეთს ხანძრის ჩასაქრობად მოთხოვნა გაერომ გაუგზავნა.