“პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საგადასახადო ომბუდსმენის ვინაობას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს”, - განაცხადა მისმა პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა 26 იანვარს.
ამ პოსტზე სავარაუდო კანდიდატები პრემიერმა ოთხი ბიზნეს–ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო კანდიდატებს შორის არიან პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ბიზნეს–ინტერესების დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია, სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილი და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია.საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. ბიზნესმენების უფლებათა დამცველს, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს.
საგადასახადო ომბუდსმენი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, რადგან ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.
საქინფორმის კორესპონდენტის მიერ ჩატარებულ სპეციალისტთა ექსპრეს–გამოკითხვისას საგადასახადო ობუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით აზრები ორად გაიყო. ექსპერტთა დიდმა ნაწილმა საგადასახადო ობუდსმენის ინსტიტუტი სრულიად უსარგებლოდ მიიჩნია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, საგადასახადო ობუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედება საჭიროა, თუ ობუდსმენს ექნება რეალურად მოქმედედების სურვილი და საშუალება.