სამართალი
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახო

    საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
წყლის აღების დროს ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიული და ოპერატიული მოქმედების შედეგად შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს „მი-8“-ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს ვერტმფრენის ძრავა სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა.
ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.