საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი შტაბის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგინა.
„არჩილ თალაკვაძე კარგი მეგობარი და თანაგუნდელია, კარგი მენეჯერული თვისებებით. ამ არჩევნებზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, გვერდით მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც არა მარტო პოლიტიკური ხედვები და მომავლის გეგმები მაერთიანებდა, არამედ პასუხისმგებლობა, ქვეყნის სიყვარული და დაგეგმილის განხორციელების სურვილი. ჩემი შტაბი საიმედო ადამიანის ხელშია. ჩვენი მიზანი საერთოა - თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„მზად ვარ, მივიღო და შევასრულო ეს მნიშვნელოვანი ამოცანა. საარჩევნო შტაბი საუკეთესო ფორმაშია. ჩვენს კამპანიაში ყველა სფეროდან საუკეთესო პროფესიონალები არიან ჩართული. თბილისში კიდევ ათი შტაბი უკვე სამუშაო რეჟიმშია. ამ ოფისის კარი კი თითოეული ადამიანისთვის, მათი პრობლემებისა და იდეებისთვის ღია იქნება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.