რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ-ის ელჩმა აიძულა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რუსეთის დახმარებაზე უარი ეთქვა და სანაცვლოდ 500 წყვილი იაფფასიანი ფეხსაცმელი აჩუქა!

    ალმოდებული ბორჯომის ფონზე პრემიერმა კვირიკაშვილმა რუსეთის დახმარების შესახებ ორი ერთმანეთის მსგავსი განცხადება გააკეთა — რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, რაც მისასალმებელია, უბრალოდ, სხვა ქვეყნების დახმარების პირობებში ეს აღარ გახდა საჭირო... ამის შემდეგ ხანძარი კიდევ 7 დღეს გრძელდებოდა, უზარმაზარი ფართობი მოიცვა და საქართველომ აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელარუსის დახმარებაც მიიღო.
თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა, რომ საქართველოში „რატომღაც დაავიწყდათ“ მომხდარში „რუსი ოკუპანტების“ დადანაშაულება და მხოლოდ გაკვრით აღნიშნეს — „ხანძარი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ერთხელ უკვე გადაწვეს რუსებმა და ამიტომ თავდაპირველად მხოლოდ ადამიანის სიმაღლის წიწვოვანი ნარგავები განადგურდა“.
მაგრამ სიხარული ქართველი პოლიტიკოსების მოულოდნელი კეთილგონიერების გამო ნაადრევი აღმოჩნდა — რაც უფრო სუსტდებოდა ხანძარი, მით უფრო ხშირად გაისმოდა ანტირუსული განცხადებები როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ცნობილი წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც თითქოს რუსოფობიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სააკაშვილისეული ცრუპატრიოტიზმის სტილში. აი, მათი მთავარი მესიჯებიც: „ხანძარი საეჭვოდ დაემთხვა რუსი ოკუპანტების სამხედრო სწავლებას სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან“; „რუსმა სამხედროებმა თვითონ გააჩინეს ხანძარი საარტილერიო სროლის დროს“; „საიდან შეიძლებოდა, სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში წინასწარ სცოდნოდათ ხანძრების შესახებ, როდესაც საოკუპაციო ხაზის მთელ სიგრძეზე ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების მოწყობის შესახებ განაცხადეს, რათა ხანძარი საქართველოდან მათ მხარეზე არ გადასულიყო?!“ და ა.შ.
შედეგად რუსეთს, რომელიც დუმდა და „რუსეთის მიერ შემოთავაზებული დახმარების“ შესახებ პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებდა, მოთმინება გამოელია! აღმოჩნდა, რომ საქართველოსთვის დახმარება რუსეთს კი არ შეუთავაზებია, არამედ თავად საქართველოს მიუმართავს თხოვნით როგორც ზეპირად, ისე წერილობით, შემდეგ კი ეს ფაქტი რატომღაც მიუჩქმალავს!
„ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ქრობაში დახმარების თაობაზე. ამ მიზნისთვის გამოიყო რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი ილ-76. თუმცა, შემდეგ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და გვაცნობა, რომ ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარება საჭირო აღარ არის. ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს ხანძრის მაქსიმალურად სწრაფად ლიკვიდაციას. ხოლო კომენტარის გაკეთება იმათ ავადმყოფურ ფანტაზიებზე, ვისთვისაც საკუთარ ქვეყანაში სტიქიური უბედურებაც კი მხოლოდ მორიგი ანტირუსული ინსინუაციების საბაბია, ზედმეტად მიგვაჩნია“, — ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოში გაჩენილ ხანძრებში რუსული კვალის მაძიებელთა ფანტაზიებს.
მართლაც უაზრობაა თავლაფდასხმული ქართველი პოლიტიკოსების ავადმყოფური ფანტაზიებისა და ანტირუსული ინსინუაციების კომენტირება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სპექტაკლი ამით არ მთავრდება.
მაშ ვინ ჩააყენა ცუდ მდგომარეობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვინ აიძულა გიორგი კვირიკაშვილი, ტყუილი ეთქვა?!
რუსეთის ფედერაციისთვის (რომელსაც მსგავსი ხანძრების ქრობის უნიკალური გამოცდილება აქვს — მარტო მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში 2010 წელს ლიკვიდირებული ხანძრები რად ღირს!) ნათხოვნ დახმარებაზე უარის თქმა საქართველოში აშშ-ის ელჩის უკიდურესი გაღიზიანების გამო მოგვიხდა, ხოლო როცა იან კელის მითითება შესრულდა და საქართველომ თავისი თხოვნა უკან გამოიწვია, ამერიკელთა „ნამესტნიკმა“ თავისი პირველი დაგვიანებული კომენტარიც გააკეთა: „ჩვენ ვლოცულობთ მეხანძრეებისთვის, რომლებიც ამ წუთებში ცეცხლს ებრძვიან! ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორებს, გვსურს, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში... ჩვენ ვაგზავნით წერილებს დახმარების მოთხოვნით და ვიკვლევთ იმ შესაძლებლობებს, კიდევ რით შეგვიძლია, დაგეხმაროთ. ჩვენ ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები (ანუ აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და ბელარუსი, რუსეთის გარეშე!‘ დაეხმარნენ საქართველოს...“.
მაშასადამე, გამოდის, რომ პრემიერი კვირიკაშვილი თითქმის არაფერ შუაშია, მას დამოუკიდებლად არ მიუღია პოლიტიკური გადაწყვეტილება — „რუსი ოკუპანტების“ ხელიდან დახმარების მიღებაზე უარი არ უთქვამს!..
და როგორც იქნა, ამ ამბის ფინალსაც მივადექით! არ იკითხავთ, რა შესთავაზა საქართველოს რუსეთის დახმარების სანაცვლოდ 11-მა სტრატეგიულმა პარტნიორმა, სიტყვიერი სოლიდარობის, ლოცვების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სხვადასხვა ამერიკულ ორგანიზაციებში დაგზავნილი წერილების გარდა? რა შესთავაზა და — 2017 წლის 26 აგვისტოს, მე-7 დღეს, როცა ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეტ რუდიმ საზეიმო ვითარებაში გადასცა ბორჯომის ხეობიდან თბილისში დაბრუნებულ მეხანძრეებს 65 ათასი ლარის ღირებულების 500 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი (წყვილი 130 ლარად`.
საქართველოს 11 სტრატეგიული პარტნიორი სუპერსახელმწიფოს „ოპერატიულობა“ და „გულუხვობა“ გასაკვირი არ არის — 9 წლის წინათ, 2008 წლის 5 სექტემბერს, როდესაც აგვისტოს ომი ერთი თვის დამთავრებული იყო, აშშ-ის მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდმა „მაუნტ-უიტნიმ“ ფოთის პორტში ამერიკული დახმარება — რძის ფხვნილი და პამპერსები ჩამოიტანა — სააკაშვილის შეშინებული ხელისუფლების ჩასველებულ-ჩაქაქული ძუძუმწოვრებისათვის.

ვფიქრობ, პამპერსები დღესაც არ იქნებოდა ზედმეტი დაკომპლექსებული და მხდალი ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც კრეატიული აზროვნება და პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. ამიტომაც ითბობენ ისინი ხელს
რუსოფობიაზე, რათა მოასწრონ და ამერიკის შეერთებულ შტატებს „შავი დღისათვის“ რაც შეიძლება მეტი წაჰგლიჯონ!
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 28 აგვისტო
საქართველო, თბილისი
წყარო: გაზეთი „ასავალ - დასავალი“ №35