საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ახალგორელ აქტივისტზე. თამარ მეარაყიშვილზე განცხადება ე.წ. სამართალდამცავ ორგანოში პარტია “ერთიანი ოსეთის“ რეგიონალურმა ხელმძღვანელმა სპარტაკ დრიაევმა 16 ივლისს შეიტანა, რომლის მტკიცებითაც მეარაყიშვილმა მას ცილი დასწამა. ე.წ. პროკურატურის განმარტებებს მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამომძიებლის განმარტებით, “ეხო კავკაზა“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში პარტია დადანაშაულებული იყო ბევრი მიმართულებით. გამოთქმული ბრალდებები ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ციტატებს ეყრდნობოდა.
“პარტიის წევრები ყველაზე მეტად იმ ფრაზებით გაღიზიანდნენ, რომლის მიხედვითაც ისინი თითქოს დადიან ადგილობრივ საავადმყოფოებში და ხელმძღვანელობას ექიმების დანიშვნას და წამლების ურეცეპტოდ გაცემას სთხოვენ. ამას გარდა, სტატიაში ნათქვამია, რომ პარტიის წევრები უწესოდ იქცევიან, თითქოს ახლა თვითონ არიან ყველაფრის ბატონ-პატრონები რაიონში“ - აცხადებს გამომძიებელი.
16 აგვისტოს დაიწყო გამოძიება ცილისწამების მუხლით. ის იმავე დღეს დაიბარეს დასაკითხად და ჩაატარეს ჩხრეკა. ე.წ. სამართალდამცველების განმარტებით, ჩხრეკა გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა. საქმის გამოძიება ახლაც მიმდინარეობს. ამასობაში კი მეარაყიშვილმა “ეხო კავკაზას“ მორიგი ინტერვიუ მისცა, სადაც გამომძიებლის თქმით, მან დაკითხვის პროცესზე ფაქტები გააყალბა და განაცხადა, რომ მას ამცირებდნენ.
“დაკითხვის დასაწყისში ოქმი ივსება პირადი მონაცემებით. მეარაყიშვილმა მარტივი კითხვა მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ შეაფასა როგორც მისი მარტოხელობის მიმართ ინტერესი“ - ამბობს გამომძიებელი.
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ მეარაყიშვილი მათთან კონტაქტზე არ გადის - გამორთული აქვს ტელეფონები და არც კარს უღებს ჟურნალისტებს. ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ნეტგაზეთის უშტატო ჟურნალისტი სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის სამართალამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ ის რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.