პოლიტიკა
გრიგალაშვილი თანამდებობას ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ დატოვებს

grigalashvili_giorgiსაქინფორმის ინფორმაციით, შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა გრიგალაშვილი თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. როგორც საქინფორმის წყარო იუწყება, ის ამჟამად ინგლისში იმყოფება და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს.

როგორც საპატრულო პოლიციის შეფთან დაახლოებული პირები კონფიდენციალურ საუბრებში აცხადებენ, გრიგალაშვილმა ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გადადგომის შესახებ განცხადება რამდენჯერმე დაწერა, თუმცა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ის არც ერთხელ არ დააკმაყოფილა.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ გრიგალაშვილი მისი განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირია. გარდა ამისა, მათ ახლო მეგობრობა აკავშირებთ.

 

აღსანიშნავია, რომ კოდუებისა და შსს–ს სხვა მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, საპატრულო პოლიციის შეფის გვარი არც ერთ გახმაურებულ სისხლიან თუ კორუფციულ დანაშაულში არ ფიგურირებს და პრესაში მასზე არცთუ ბევრი იწერება.

როგორც გრიგალაშვილის ახლო გარემოცვის წევრები ამბობენ, მას ყოველთვის ჰქონდა შინაგანი წინააღმდეგობა სისტემის მიმართ. გარდა ამისა, საზოგადოება თავად ხედავს, რომ ამ უწყებაში ყველაზე პირნათლად სწორედ საპატრულო პოლიცია მუშაობს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა.

სად გააგრძელებს გრიგალაშვილი მოღვაწეობას ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე უკვე ბევრს საუბრობენ. ლოგიკით და მოსახლეობის მიმართ გრიგალაშვილის განწყობით თუ ვიმსჯელებთ, მიზეზი, შესაძლოა, ამჯერადაც მოსახლეობის მიმართ შსს–სა და ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულება და მოპყრობა იყოს. როგორც ამბობენ, საპატრულო პოლიციის შეფი, რომელიც, წლებია, ამ თანამდებობაზე მუშაობს, „ვერ შეეგუა იმ უსამართლობას, ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების პირობებში რომ სუფევს“.

საქინფორმისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ გრიგალაშვილის ადგილს მისი მოადგილე, თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი დაიკავებს, რომელიც სააგენტოსთან საუბარში მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამჯერად მის მოვალეობას ასრულებს.

„ბატონი გოგა ორი თვით ინგლისში იმყოფება კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დიახ, მე მის მოვალეობას ვასრულებ, თუმცა დროებით, რადგან ის გადადგომას არ აპირებს და არც რაიმე კონფლიქტი ჰქონია ხელმძღვანელობასთან“, – განაცხადა გეგეჭკორმა.

დააკმაყოფილებს თუ არა ამჯერად მაინც მერაბიშვილი გირგალაშვილის განცხადებას გადადგომის თაობაზე და სად გააგრძელებს საპატრულო პოლიციის შეფი მოღვაწეობას, სავარაუდოდ, 2 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.