საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ბორჯომის ხანძრის მძიმე შედეგების თავიდან აცილება საქართველოს მთავრობას იმ დოკუმენტის გათვალისწინებით შეეძლო, სადაც გაწერილია, თუ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხანძრის შემთხვევაში. მათ შორის დათვლილია, რა ჯდება ტყეში გზის გაყვანა, სად უნდა გავიდეს ეს გზები და სად მოეწყოს წყლის რეზერვუარები. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქვეყანას თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა სჭირდება. ამ დადგენილების გარდა, საქართველოს მთავრობამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომელიც 2008 წელს ბორჯომში რუსული ავიაციის მიერ გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაიწერა.
„მწვანე ალტერნატივაში“ მიაჩნიათ, რომ დადგენილებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულების შემთხვევაში ცეცხლი უფრო დროულად ჩაქრებოდა და ზარალიც ნაკლები იქნებოდა. სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გენერალი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ სახანძრო ავიაციის მიმართულებით სერიოზული გადამზადება უნდა დაიწყოს. ექსპერტი ამბობს, რომ რაც უნდა მაღალი კლასის იყოს მფრინავი, ავიაციით ცეცხლის ჩაქრობას სპეციალური ცოდნა სჭირდება. გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ქვეყანას ხანძრის გაკვეთილები სჭირდება და ეს ბოლო დღეების მოვლენებმა უჩვენა.
წყარო: „რუსთავი 2“