საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. სტიქიური უბედურების ზონაში ხანძრის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა. ბორჯომის ტყეში, სასაფლაოების მიმდებარედ, ცეცხლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს. ამჟამად ავიაცია სწორედ ამ ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში დამწვარია დაახლოებით 100 ჰექტარი.
“გვაქვს რამდენიმე კერა და ვერტმფრენები ამუშავებენ ინტენსიურად. ახლა ვიყავით დაზვერვაზე შესაბამის სპეციალისტებთან ერთად და ზუსტი წერტილები გვაქვს აღებული, სტრატეგია გვაქვს, კერა-კერა ამუშავებენ ვერტმფრენები და ინტენსიურად იმუშავებენ დაღამებამდე. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს თუ ქარმა არ შეგვიშალა ხელი, ისევ და ისევ ხვალისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. ფაქტიურად დიდი ვარაუდი გვაქვს, რომ შევძლებთ ლოკალიზებას... 100 ჰექტარზე, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, დიდი ტერიტორიაა დამწვარი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.
იმ ადგილზე, საიდანაც კვამლი ამოდის, ჯანსაღი ხეებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლი გუშინ არ შეუნიშნავთ. “ეს კვამლი გუშინ არ ჩანდა, ჯერჯერობით ვერტმფრენი ინტენსიურად მუშაობს და იმედია, რომ აქამდე არ ჩამოაღწევს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
"რუსთავი 2"