პოლიტიკა
რუსეთის დახმარება ან პირობებში არ გახდა საჭირო! - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. “ამოვარდნილმა ქარმა, თავიდან გააღვივა ხანძარი. ჩვენ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, რამდენად ჩქარა მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და ჩაქრობას დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე.
ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, პირველი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან - ეს არის ვერტმფრენი და სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია, ვერტმფრენი კი, უკვე მთელი დღეა მუშაობს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება თურქეთისგან, 2 ვერტმფრენი უკვე ბათუმშია, ცოტა ხანში ჩამოვა და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. ასევე დღეს, დღის ბოლოს ჩამოფრინდება მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან,
მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე მინდა ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია. ასე რომ, საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული, მე ვფიქრობ, მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის, უბრალოდ, ქარზე და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და შემდეგ ჩაქრობას. გარდა ამისა, ამ ოპერაციებში ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური - მაშველი-მეხანძრეები, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მებრძოლები, ასევე ჩართულია სატყეო დეპარატამენტი და მოხალისეთა მობილიზების საკითხი არ დგას. აქ არის ძალიან სპეციფიური პროფესიული სამუშაო, რასაც ყველა ეს ადამიანი წარმატებით ართმევს თავს და რა თქმა უნდა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.
რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ყველა ვარიანტი, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ ამ პირობებში არ გახდა საჭირო ეს დახმარება. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ ის იქნება დაცული ხანძრისგან და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს”, - განაცხადა გუშინ ბორჯომის ხეობაში ჩატარებული მინისტრთა კაბინეტის თათბირის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისრმა გიორგი კივრიკაშვილმა