პოლიტიკა
რატომ არ დააბრალეს საქართველოში ხანძარი რუსეთს, თუმცა მის შემოთავაზებულ დახმარებაზე უარი თქვეს - საქინფორმი

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. გასულ კვირას, საღამოთი, როცა სტამბაში პოპულარული ქართული გაზეთის „ასავალ-დასავალის“ №34 იბეჭდებოდა, რომელიც იწყებოდა ინტერვიუთი „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორთან სათაურით „ნაცებმა ხანძარი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქციეს“, ბორჯომის ხეობას ცეცხლი წაეკიდა.
თავდაპირველად ეს სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორია - 1ჰექტარი მთის ფერდობი იყო, მაგრამ შემდეგ, ცვალებადი ქარის შედეგად, ცეცხლის კიდევ ორი ვრცელი კერა აღმოცენდა - ძირითადისაგან მარცხნივ და მარჯვნივ - დანა წაღვერთან და უშუალოდ სოფელ დაბასთან.
ხანძრის ჩაქრობა დღემდე ვერ მოხერხდა, თუმცა რუსეთის ფედერაციისაგან შემოთავაზებულ დახმარებაზე საქართველოს მთავრობამ უარი თქვა. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნიკალური ტყე უკვე შეეწირა. პირველ დღეს, მთიანი რელიეფის და გზების არარსებობის გამო, სახანძრო ეკიპაჟები გამოუსადეგარი იყო, ერთადერთი ვერტმფრენი კი, ინსტრუქციის თანახმად, მხოლოდ დღისით მუშაობდა.
მეორე და მესამე დღეს, როცა ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა და მოსახლეობა ფერფლმა და კვამლმა ლამის გაგუდა, საქართველომ დახმარებისათვის ევროკავშირს და მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიმართა. პირველმა დახმარებამ აზერბაიჯანიდან მოგვისწრო - ვერტმფრენმა და მაშველებმა. მერე ჩამოფრინდა ორი ვერტმფრენი თურქეთიდან, სახანძრო მანქანები და მაშველების ბრიგადები სომხეთიდან.
ამჟამად ხანძარი 20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული და მას აქრობენ 400  მეხანძრე-მაშველი, 100 მეტყევე, შსს-ს 500 სპეცრაზმელი და 5 ვერტმფრენი - 2 ქართული, 1 აზერბაიჯანიდან და 2 თურქეთიდან. ადგილზე შექმნილია ოპერატიული შტაბი, სადაც მუდმივად იმყოფებიან შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის მინისტრები და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. გუშინდელი დღიდან ხანძრის ქრობაში ჩაერთო სპეცტექნიკა - ტრაქტორები, ბულდოზერები, ექსკავატორები, გრეიდერები და სხვა.
რა უცნაურიც უნდა იყოს, პირველად მოხდა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას - სააკაშვილის პარტიებს „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე პარტიას - „რატომღაც დაავიწყდათ“ მომხდარში „რუსი ოკუპანტების“ დადანაშაულება, თუმცა, სხვათაშორის, იქედნურად შენიშნეს, რომ „ხანძარი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ერთხელ უკვე გადაწვეს რუსებმა და ამიტომ თავდაპირველად მხოლოდ ადამიანის სიმაღლის წიწვოვანი ნარგავები გაანადგურა“.

 ეს გასაგებიცაა - ზემოთ ნახსენები ოპოზიციის სამიზნე ამჯერად რუსეთი კი არა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გახლდათ - რათა მისი არაფრისმაქნისობა ეჩვენებინათ და მოსახლეობაში პანიკა გაეღვივებინათ „ხელბორკილიანი მესიის მოსვლის“ წინ. ანუ მიშკა სააკაშვილის, რომელსაც 10 სექტემბერს, უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, ალბათ, დააკავებენ და საქართველოს გადმოსცემენ.