საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ქვეყნისადმი სპეციალურ მიმართვაში, ავღანეთში დამატებით 4 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ განაცხადებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS-ი იუწყება.
ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, ტრამპი ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში აშშ-ის ახალი სტრატეგიის შესახებ ისაუბრებს. ეს პოლიტიკა ითვალისწინებს ასებე პაკისტანის ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ უარი თქვას ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაზე. თეთრი სახლი განიხილავს იმ ვარიანტსაც, რომ პაკისტანი ტერორისტების დამფინანსებელ ქვეყანათა სიაში შეიყვანონ. ასეთ შემთხვევაში ეს ქვეყანა ამერიკის ძირითადი პარტნიორების სიაში აღარ იქნება და მის დაფინანსებასაც მნიშვნელოვნად შეამცირებენ.
ამ საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია არ აქვს, ამიტომ გეგმები პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე შეიძლება შეიცვალოს.
19 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ავღანეთთან დაკავშირებით, სადაც შეერთებული შტატები სამომავლო სტრატეგიაზე მუშაობს. „კემპ-დევიდში მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარე ჩვენს ნიჭიერ გენერლებთან და სამხედრო ლიდერებთან ერთად. მივიღეთ ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის ავღანეთთან დაკავშირებით“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ი.
15 აგვისტოს, ავღანეთში მოქმედმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აშშ-ის პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც ტრამპს ავღანეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს. წერილში „თალიბანი“ ავღანეთში დისლოცირებულ კოალიციურ ძალებს ოკუპანტებად მოიხსენიებს და ქვეყანაში არსებულ ძალადობას სწორედ ამ ძალებს აბრალებს.
აშშ ავღანეთში ანტიტერორისტულ ოპერაციას 2001 წლიდან ახორციელებს.