პოლიტიკა
კახა კალაძე: „ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში“

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. პირველი, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა. ასეთი ხედვის გარეშე, მგონია, რომ მხოლოდ ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა აუცილებლად კვლავ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას. ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც  მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში“, - აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე. მისი თქმით, სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოსურმა მშენებლობებმა არ გამოიწვიოს ქალაქის სატრანსპორტო არტერიების დახშობა.
კახა კალაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თბილისში ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა დაიწყება, ასევე გადაიხედება არსებული სამარშრუტო ხაზები და დაემატება ახალი მარშრუტები, განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მოხდება თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისთვის გამოყენება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება კი ნიშნავს, რომ  მისი მომსახურებით მეტი ხალხი სარგებლობს და ინდივიდუალური ტრანსპორტის საჭიროება ნაკლებია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ქალაქის საცობებისგან გასათავისუფლებლად. საცობების განტვირთვის მიზნით ასევე დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი  გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა.