პოლიტიკა
უარყოფითი სალდო ანუ სასიკვდილო სალტო? ჩინეთი - აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო კრედიტორი

    საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ჩინეთმა აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო კრედიტორის სტატუსი დაიბრუნა და ამ მაჩვენებლით გასული წლის ოქტომბრიდან პირველად გაასწრო იაპონიას - ამას აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გამოკვლევის შედეგები მოწმობს.
ივნისში ჩინეთმა US Treasuries 44,3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა, მაშინ, როცა იაპონიამ ეს აქტივები 22,5 მილიარდ დოლარად გაყიდა. შედეგად ამერიკის საკრედიტო ვალდებულებების ჩინური პორტფელი 1,15 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, იაპონური კი - 1,09 ტრილიონამდე შემცირდა.
მესამე ადგილზეა ირლანდია 302,5 მილიარდით (+6,7 მილიარდი აშშ დოლარი ერთ თვეში), მას მოსდევს ბრაზილია (269,7 მილიარდი აშშ დოლარი, ცვლილების გარეშე), კაიმანის კუნძულები (254 მილიარდი აშშ დოლარი, კლება 12,1 მილიარდი) და შვეიცარია (244,5 მილიარდი აშშ დოლარი, ზრდა 5 მილიარდი). US Treasuries-ის მფლობელთა ტოპ-ათეულში შედიან აგრეთვე დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ჰონკონგი და ტაივანი.
რუსეთმა ივნისში აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში დაბანდება 5,8 მილიარდი აშშ დოლარით შეამცირა. US Treasuries-ის უმსხვილეს მფლობელთა შორის რუსეთი მე-14 ადგილს იკავებს მაჩვენებლით 101,9 მილიარდი აშშ დოლარი.
US Treasuries-ში არარეზიდენტების დაბანდებების საერთო მოცულობა ივნისში 47,7  მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, 6 ტრილიონ 171 მილიარდ აშშ დოლარამდე. აქედან 3 ტრილიონ 995 მილიარდი აშშ დოლარის ქაღალდები უცხოური სახელმწიფოების მთავრობებს ან ცენტრალურ ბანკებს ეკუთვნოდათ.
აშშ-ის აქციებიდან უცხოური ინვესტიციების სუფთა გადინებამ ივნისში 4,47 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, კორპორაციულ სასესხო ქაღალდებში დაბანდებების შედინებამ - 2,81  მილიარდი აშშ დოლარი.