საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელა.
პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 86 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრო.
დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიისა და საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი“ (FRONTEX).