საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მერი დავით ნარმანია არ იზიარებს ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ჩაატარეს. ლაბორატორია „მულტიტესტის“ სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორია სამშენებლო ნაგვით, ქვებითა და ღორღითაა დაფარული. ტერიტორია იმდენად დაბინძურებული აღმოჩნდა, რომ ექსპერტებს ძალისხმევა დასჭირდათ სინჯების ასაღებად.
„მეეჭვება ეს კვლევა და ამ კვლევის შედეგი, მით უმეტეს, რომ კვლევა თავიდან ბოლოდე არავის უნახავს და უცნობია, რას ეყრდნობა. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ სახურავებზე აკეთებენ მწვანე საფარს და არ მგონია, რომ ელიავას ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში შეუძლებელი იყოს გამწვანებული სივრცის მოწესრიგება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან.
ივლისში ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ექსპერტებმა ბაზრობის ქალაქის ცენტრიდან გადატანის აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი. მათი სიტყვებით, აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონად უნდა გადაიქცეს. აღნიშნული ტერიტორიის გამწვანებისთვის ახალი ნიადაგია საჭირო, რომელიც სამშენებლო მასალებისა და ქვებისგან გაწმენდის შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს.
ელიავას ბაზრობა 1995 წელს 13,2 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებულია 15 ათასი ადამიანი — როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები.
Sputnik