სამართალი
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული შიმშილობას იწყებს და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებს

    საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. თბილისში,  ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი ბრალდებას უარყოფს და პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობას აცხადებს. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, იაშვილი ასევე უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, იუწყება „რუსთავი 2“.
უფლებადამცველი დაკავების თაობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ბრალდებულის დაკავებას უკავშირდება, პროცედურული დარღვევებით ჩატარდა. „ბრალი არ არის წარდგენილი, მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება. ბრალს 48 საათში წარუდგენენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს მსგავს შემთხვევასთან კავშირს. ის აცხადებს უვადო შიმშილს, ასევე საქართველოს მოქალაქეობაზე უარს და ამ ეტაპზე ჩვენ ვიყენებთ დუმილის უფლებას“, - განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ.
„კურიერის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ კობა ძნელაძესა და დაკავებულ მიხეილ იაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საქმე ეხებოდა ე.წ. ტაქსების ბიზნესს. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.