სამართალი
თამარ მეარაყიშვილს პარტია “ერთიანი ოსეთის“ წინააღმდეგ ცილისწამებაში ედავებიან

     საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. 16 აგვისტოს ახალგორში, საკუთარ სახლთან სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი,  „ნეტგაზეთის“ უშტატო ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ამ დროისთვის უკვე სახლში იმყოფება, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ჟურნალისტმა პირველ არხს უამბო, რომ მას დაკავებისას არაფერი განუმარტეს და ჯერ არც ადვოკატი ჰყავს.
"ახლა სახლში ვარ. უნდა მოვძებნო ხვალამდე ადვოკატი. ეჭვმიტანილი ვარ ცილისწამებაში და ამის გამო დამაკავეს და ჩაატარეს ჩხრეკა. დღეს კი მითხრეს, რომ კიდევ ბევრ ბრალდებას წარგიდგენთო", - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
მისი ინფორმაციით, პარტია "ერთიანი ოსეთის" წინააღმდეგ ცილისწამებაში ედავებიან.
"მიჩივის ამ პარტიის წევრი, სპარტაკ გერსამის ძე დრიაევი, ის 2008 წლამდე ქართულ ციხეში იჯდა, მკვლელობაზე“, - განმარტა მეარაყიშვილმა.
დაკავების მომენტში მან შეძლო, დაკავშირებოდა რადიო თავისუფლების სამსახურის ეხო კავკაზას კორესპონდენტს. როგორც ირკვევა, ის გააჩერა სამხრეთ ოსეთის პროკურატურის გამომძიებელმა ალან ბიაზროვმა, რომელსაც არც გაჩერების მიზეზი უთქვამს და არც რაიმე საბუთი წარუდგენია. ბიაზროვმა მეარაყიშვილს უთხრა, რომ ორდერი და დაკავების მიზეზები მას წარედგინება რაიონული პროკურატურის ოფისში მიყვანის შემდეგ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ  ის რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.