საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შარლოტსვილის მოვლენებში დაპირისპირებული მხარეებიდან ორივე დამნაშავეა. ამ განცხადებით, ტრამპმა მისი პირველი შეფასებაგაიმეორა, - წერს BBC.
იმავდროულად, მან განაცხადა, რომ ძეგლების აღების წინააღმდეგია. "დღეს ავიღებთ სტოუნოლ ჯექსონის [კონფედერაციის გენერალი] ძეგლს, ხოლო ხვალ ჯორჯ ვაშინგტონის და თომას ჯეფერსონის [აშშ-ის დამფუძნებლები] ძეგლებს?.. და ეს ყველაფერი სად დასრულდება?", - იკითხა მან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ორივე დამფუძნებელი მამა მსხვილი მონათმფლობელი იყო და იმ ლოგიკით, რითაც სამხრეთელების ქანდაკებებს იღებენ, მათი ძეგლების აღებაც შეიძლება. ტრამპმა ჟურნალისტებსაც მიმართა და ისინი ისტორიის შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა.
12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნეონაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი კონფედერტების გენერლის, რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. მსვლელობა შეტაკებაში გადაიზარდა. ულტრანაციონალისტები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-ზე მეტი დაშავდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. FBI-მ გამოძიება დაიწყო.
13 აგვისტოს, ტრამპმა დაგმო შარლოტსვილში მომხდარი ძალადობა, მაგრამ არა ულტრამემარჯვენეები. ამერიკულმა პრესამ და საზოგადოების ნაწილმა მას მკაფიო შეფასებისკენ და იმის აღიარებისკენ მოწოდეს, რომ ქალაქში ნეონაცისტური და რასისტული დაჯგუფებების მარში ჩატარდა. 14 აგვისტოს, მან ახალი განცხადება გააკეთა და რასიზმი და ქსენოფობია დაგმო.