აქტუალური
ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას კონსულტაციებში - ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს მმართველი გუნდი! – რომან გოცირიძე

     საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი. "ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ! ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას კონსულტაციებში. მმართველ პარტიას ამ ხნის განმავლობაში რაიმე სერიოზული წინადადება არ შეუთავაზებია პარტიებისთვის. ჯიუტად იმეორებდა, რომ არაფერი შეიცვლებოდა, რადგან მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს. ცალკეული წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შეიძლება განხილვის საგანი იყოს მხოლოდ გარდამავალი დებულებები, რომლებიც ეხება ბლოკების შექმნას და ბარიერს. როგორც ჩანს, ისევ ამ სიმღერის შემოთავაზებას აპირებენ.
ამიტომაც ვითომ გამოჟონა ინფორმაციამ, რომ პარტიებს ბარიერის საერთოდ გაუქმებას სთავაზობენ. ამით უნდათ პარტიებში განხეთქილების შეტანა და პატარა პარტიებისთვის საკენკის დაყრა. თუ ამით აპირებენ კონსულტაციების დაწყებას, ეს საკენკი იმათ დაუყარონ, ვისაც დამპალი სიმინდი შოკოლადის ბურთულები ჰგონია", - აცხადებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.