სამართალი
შსს-მ სადაზღვევო თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა

    საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა - თაღლითური დაჯგუფების წევრები - 1978 წელს დაბადებული .., 1989 წელს დაბადებული .. და 1984 წელს დაბადებული .. ამხილეს, ხოლო 1980 წელს დაბადებული .. დააკავეს.
ბრალდებულები 2015 წლის 5 დეკემბრიდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საკუთარ სახელზე გაფორმებულ სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ. შემდეგ, ამავე დაზღვეული ავტომანქანების გამოყენებით, ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს - განზრახ შეჯახებებს ახდენდნენ. ბრალდებულები მომხდარი ავტოავარიების შესახებ სადაზღვევო კომპანიებს ატყობინებდნენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, კომპანიები კი ზარალის ასანაზღაურებელ თანხას დამზღვევი პირების ანგარიშზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს დაახლოებით 33 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა.