აქტუალური
ნაცმოძრაობა შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. სააკაშვილის პარტია შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ხმის ექსპერტიზასა და მინისტრის გადადგომას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტარმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
"ჩვენ დაუყონებლივ ექსპერტიზას მოვითხოვთ, რომ შემოწმდეს მღებრიშვილის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ხმის ავთენტურობა, მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს და ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს სააკაშვილის მიმართ. ჭიკაიძე ჩვენს სარდაფებში საბურავებს რომ ეძებდა, მდინარაძისთვის და წულუკიანისთვის სერიოზული საქმე იყო და მათი შს მინისტრი პირდაპირ ადასტურებს, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ეს მათთვის არ არის სერიოზული საკითხი", - ამბობს ბოკუჩავა.
გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ჩანაწერს სერიოზულად ვერ მიიჩნევს. "შსს-ს განცხადებას, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონი ხაზით არ ხდება, მეც ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული განცხადების გაკეთება", - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მდინარაძის თქმით, ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.