საზოგადოება
რესტორანი მოსკოვის ქართული ეკლესიის ეზოში? - კონფლიქტი მრევლსა და სასულიერო პირებს შორის

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი.  მოსკოვში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში მდებარე ქართული რესტორანი დიდი დაპირისპირების მიზეზი ხდება - ეკლესიის ეზოში მდებარე საცხობი ჯერ კაფედ, შემდეგ კი რესტორნად გადააკეთეს. მრევლი წუხს, რომ იქ, სადაც ლოცულობენ და აღსარებას აბარებენ, საქეიფო სიმღერების ხმა ისმის, ასევე მწვადის და ხინკლის სუნი დგას.რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში დაპირისპირების შესახებ საქართველოს საპატრიარქოშიც იმსჯელეს. დელეგაცია მოსკოვიდან ილია მეორესთან შესახვედრად სპეციალურად ჩამოვიდა.
წმინდა გიორგის სახელობის მოსკოვის ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შედის და ეკლესიის შენობაც მისი საკუთრებაა. რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შეთანხმების თანახმად კი, ტაძარში ქართული ეკლესიის სასულიერო პირი, მამა მირიანი მსახურობს. ვიდრე თბილისიდან მამა მირიანს მიავლენდნენ, ტაძარში მამა ვახტანგ ლიპარტელიანი მსახურობდა, რომელიც პატრიარქმა თბილისში გადმოიყვანა და ნიკორწმინდის მიტროპოლიტად აკურთხა. ადგილობრივი მრევლის გადმოცემით, პრობლემები წმინდა გიორგის ქართულ ტაძარში სწორედ მეუფე ვახტანგის დროს დაიწყო. რესტორანიც, რომელიც ტაძრის უმთავრეს პრობლემად ითვლება, სწორედ მაშინ გაიხსნა.
არსებობს ვერსია, რომ ტაძრის მიმდებარედ შენობა ქართველთა სათვისტომოს ყოფილ ხელმძღვანელს მიხეილ ხუბუტიას ეკუთვნის და მას თავისი ინტერესებიც აქვს, - იუწყება „რუსთავი 2“.