საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. "თავისუფალი დემოკრატები" 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის სანაცვლოდ ირაკლი ალასანიას დაფუძნებული პარტია მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებს.
"თავისუფალი დემოკრატების" განცხადების მიხედვით, პარტია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს რამდენიმე მიზეზით აცხადებს. მათი თქმით, „2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში კრიზისული ვითარება შეიქმნა, პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა“, ხოლო პროექტი, რომლის მიხედვითაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ რესპუბლიკელებთან ბლოკი შექმნეს, ვერ განხორციელდა: „შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატება“.